სააკაშვილმა, ადეიშვილმა და მათმა კოჰორტამ ქვეყანას თავს დაატეხეს კოშმარი, რომლის შესახებაც ადამიანებმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ის უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად ზურაბ ადეიშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.
„ზურაბ ადეიშვილმა დიდი ხნის წინ თქვა, რომ საქართველო არ აინტერესებს და მისი ქვეყანა არ არის. გვახსოვს მისი სამარცხვინო განცხადება. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და პირდაპირ ეთერში მოვუსმინეთ იმ ადამიანებს, რომელთაც საზოგადოებას დაანახეს კოშმარი, რომელიც სააკაშვილმა, ადეიშვილმა და მათმა კოჰორტამ ქვეყანას თავს დაატეხეს. ეს ყველაფერი დანაშაული იყო. მოვუსმინეთ ადამიანებს, რომლებსაც მოუკლეს ოჯახის წევრი, შვილი. ადამიანებს ბიზნესი წაართვეს და დაურეკეტეს. იმის ნაცვლად, რომ შვილმკვდარი მშობლისთვის ბოდიში მოეხადათ ან სინანული გამოეთქვათ, ამბობდნენ, ეს ყველაფერი დადგმულიაო და აშარჟებდნენ. როგორ შეიძლება, რაიმე თანამდებობა ჰქონდეს ადეიშვილს, რომელიც ძალადობის ერთ-ერთი არქიტექტორი იყო? ცდილობენ, ამ ქვეყანას თავი არ დაანებონ და შანსს არ უშვებენ, ქართული საზოგადოება არ დააკნინონ. სააკაშვილის პირიდან შემოთვალეს მორიგი გახსენება, რომ არსად წასულან, ქართველო ხალხო, დაგველოდეთ და ისევ უბედურებას დაგატეხთო. მინდა, მათ ამ ვაჟბატონის სიტყვებით შევუთვალო, ნურას უკაცრავად, არ დავუშვებთ, ეს პატარა ადამიანები ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ძალადობრივი ქმედებები გააგრძელონ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.