აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს აფხაზური მხარის დადანაშაულებას რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების "ქურდობაში". საუბარია 347 მილიონ რუსულ რუბლზე. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა დღეს სოხუმში აფხაზი და რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"არავის მოუპარავს ეს ფული. დიახ, დარღვევები იყო და მე პირველმა განვაცხადე ამის შესახებ. ჩემი ინიციატივა იყო, ჩამერთო დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან ერთობლივ რუსულ-აფხაზურ კომისიაში, რომელიც კომპლექსური გეგმის შესრულების მიმდინარეობას ამოწმებდა. მომავალშიც ამის მომხრე ვიქნები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკონტროლონ რუსეთის მიერ ჩვენი რესპუბლიკისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვა", _ განაცხადა ბაღაფშმა.
სეპარატისტთა ლიდერმა "უხეში შეცდომა" უწოდა საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციის არადროულ გაფორმებას, რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის არარსებობას და ხელშეკრულებების არარსებობას დამკვეთსა და შემსრულებელს შორის.
"ჩვენ ზუსტად გაწერილი სისტემა არ გვქონდა და ამჟამად ეს საკითხები უკვე გადაწყვეტილია. არც ერთი ობიექტი არ დაფინანსდება შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გარეშე", _ აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს, რომ რუსეთის კონტროლის პალატის მიერ გამოვლენილ დარღვევათა უმეტესობა დაკავშირებულია ნორმატიული ბაზის არქონასთან.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის თქმით, მალე მუშაობას დაიწყებს აფხაზეთის კონტროლის პალატა, რომელიც რუსეთის კონტროლის პალატასთან ერთად გააკონტროლებს რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვასაც.