ოპოზიციური პარტიებისათვის ლეიბორისტული პარტიის ინიციატივა საქართველოში არჩევნების გაერო-ს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით მისაღებია.
როგორც ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, არჩევნებში საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართვასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ერთიანია.
დოლიძის აზრით, გაეროს გარდა არჩევნების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ეუთოც.
"აქ საუბარი არჩევნების მხოლოდ გაეროს ეგიდით ჩატარებაზე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩაერთოს სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, კონკრეტულად ეუთო. მსგავსი მაგალითები ყოფილა, როდესაც ქვეყანას სჭირდება გაეროს მექანიზმების ჩართვა საარჩევნო პროცესში", _ განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია კონკრეტულ დეტალებზე არ შეთანხმებულა. ვიქტორ დოლიძის განცხადებით ოპოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უზხლოეს მომავალში შეიკრიბება.