დალაი-ლამას ძმისშვილი ტიბეტის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერი მსვლელობის დროს ფლორიდაში დაიღუპა. 45 წლის ჯიგმე ნორბუ ვალენტინის ხსენების დღეს ფლორიდის შტატის გზატკეცილზე თავის მომხრეებთან ერთად მიდიოდა. ავტობანზე მას ჯიპი დაეჯახა, რის შედეგადაც ნორბუ ადგილზე დაიღუპა. სავარაუდოდ, დალაი-ლამას ძმისშვილი ჩაბნელებული ქუჩით მიდიოდა, ჯიპის მძღოლმა კი იგი ვერ შენიშნა და გაიტანა.
ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ დალაი-ლამას ძმისშვილის დაღუპვა გამიზნულად მოხდა.
ტრაგიკული თარიღი 50 წლის წინ ჩინელების მიერ ტიბეტელთა აჯანყების ჩახშობის წლისთავს დაემთხვა.
ჯიგმე ნორბუ დალაი-ლამას უფროსი ძმის ვაჟი იყო. გარდაცვალებამდე იგი აშშ-ში დალაი-ლამას სპეციალურ წარმომადგენლად მიიჩნეოდა. თითქმის მთელი ცხოვრება ჯიგმე ნორბუმ საზღვარგარეთ გაატარა, რადგან ჩინეთის მიერ ტიბეტის შემოერთების შემდეგ მამამისს ემიგრაციაში წასვლა მოუხდა.
შეგახსენებთ, თავად დალაი-ლამაც დევნილობაში ცხოვრობს. ჩინეთში მას მოღალატედ მიიჩნევენ, რადგან ტიბეტისთვის ფართო ავტონომიას მოითხოვს.