მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც რუსეთის პატრიარქი კირილე სამძიმრის ტექსტში აღნიშნავს, ილია მეორის პატრიარქობა გახდა მთელი ეპოქა საქართველოს ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში.
„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ჩემი უძვირფასესი თანამოძმისა და თანამსახურის, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე დანაკლისის გამო. ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება მიუძღვნა მასზე ზრუნვასა და კეთილმოწყობას. თითქმის 50 წლის განმავლობაში უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პატრიარქობა გახდა მთელი ეპოქა საქართველოს ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში. თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა მოიპოვა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა.
კათოლიკოს-პატრიარქი ტრადიციულად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენს ეკლესიასთან. მოსკოვის სასულიერო სასწავლებელში მიღებული განათლების გამო, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს წმინდა სერგეისა და მისი სავანისადმი. მას ქრისტეს კურთხევით ჩვენი ხალხების სულიერი ერთობის შენარჩუნება აუცილებლობად მიაჩნდა. მართლმადიდებელ წინამძღვართა შორის უხუცესმა, მან თავისი ბრძნული სიტყვით, გამოცდილებით, ღრმა ეკლესიური ცხოვრებითა და მაღალი ავტორიტეტით ეკლესიებში მშვიდობის, კეთილდღეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პირადად ჩვენ ძალიან თბილი და ნდობით სავსე ურთიერთობა გვქონდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, გაგვეცვალა აზრები, ობიექტურად შეგვეფასებინა საბჭოთა კავშირში საეკლესიო და სახელმწიფო ურთიერთობების განვითარება. ეს ნდობა გვეხმარებოდა, ერთად გვემუშავა, რათა შეგვემსუბუქებინა უღვთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიების მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. დაე, უფალმა იესო ქრისტემ ზეციურ სავანეში დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახურის სული“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქ კირილეს სამძიმრის ტექსტში.