საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით 8 პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებებს ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის განვითარების ნიშანია. ეს შეფასება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძის თქმით. მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა შეთანხმება და ამასთან უკვე მოესწრო შეთანხმების კანონპროექტის სახით ჩამოყალიბება, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანედელ სხდომაზე მოხდება.
ბაქრაძე მნიშვნელოვან შეთანხმებად აფასებს მერის პირდაპირი არჩევით წესს და აღნიშნავს, რომ ეს წლების განმავლობაში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი იყო.
მისი თქმით, კოდექსზე მომუშავე ჯგუფი ზოგჯერ 10 თვის განმავლობაში მათი მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ისმენდა, თუმცა მიღწეული შედეგით ქვეყანაში ობიექტური არჩევნების ჩატარების საშუალება იქნება.
ამასთან, ბაქრაძემ ენდიაის პოლიტიკურ პროცესებში მუშაობა დადებითად შეაფასა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
,,საარჩევნო კოდექსის" კანონპროექტის თანახმად, თბილისში მერის პირდაპირი არჩევნები ჩატარდება. ასევე, იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესიც, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შერჩეულ ცესკო-ს თავმჯდომარის 3 კანდიდატურას წარუდგენს ცესკოს. არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების ხმათა უმრავლესობით. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, წარმოდგენილი 3 კანდიდატურიდან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, Pპროექტის თანახმად, საკრებულო 50 წევრისგან შედგება, რომელთაგანაც 25 წევრი აირჩევა ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, 25 წევრი აირჩევა პროპორციული წესით. პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატები ნაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებიც გადალახავენ 4%-იან ბარიერს.
ამასთან, თვითმართველობის არჩევნების ჩატარების ვადები გაიზრდება და ნაცვლად 40 დღისა განისაზღვრება 60 დღით, ვინაიდან პროექტის ავტორების შეფასებით, პრაქტიკამ ცხადყო, რომ არსებული ვადა გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნიდა საარჩევნო პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.