სტავროპოლის მხარისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ტყის მასივში რუს ძალოვნებსა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელების მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სავარაუდოდ, მათი რაოდენობა ხუთია. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, რუსული მედია არ საუბრობს დანაკარგზე ან დაჭრილებზე ფედერალური ძალების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარების მეთაურის ნიკოლაი როგოჟინის განცხადებით, 2010 წლის განმავლობაში რუსეთის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის წარმომადგენლებმა 300 ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი გაანადგურეს.
"განადგურებულია დაახლოებით 300 მებრძოლი, დაკავებულია 500 მდე ადამიანი, რომლებსაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობა ედებათ ბრალად", _ აცხადებს როგოჟინი.