უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა 14 მარტს, ღამით, კიევის, სუმის, ხარკოვის, დნიპროსა და მიკოლაევის ოლქებში მდებარე ობიექტებს შეუტია.
„რუსების მთავარი სამიზნე კიევის რეგიონის ენერგეტიკული სექტორი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე მოხდა დარტყმები და ზიანი მიადგა ჩვეულებრივ სახლებს, სკოლებსა და სამოქალაქო ბიზნესებს. ამ დროისთვის, ოთხი ადამიანი დაიღუპა. ბევრი დაშავდა და ადამიანები კვლავ სამედიცინო დახმარებას ითხოვენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ღამით რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 430 სხვადასხვა ტიპის დრონი და 68 რაკეტა, რომელთაგან 13 ბალისტიკური იყო.
„რუსული დარტყმების ყოველი ღამე ჩვენი ყველა პარტნიორისთვის შეხსენებაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები, ფაქტობრივად, ყოველდღიური აუცილებლობაა. რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით ნებისმიერ შეთანხმებას ლოდინი არ შეუძლია - ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. ჩვენი შეთანხმებები საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების გაზრდის შესახებ კრიტიკული სფეროა და ეს სფერო 100-პროცენტიან ყურადღებას მოითხოვს. რუსეთი შეეცდება ისარგებლოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით, რათა ევროპაში, უკრაინაში მეტი ნგრევა გამოიწვიოს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეალური საფრთხის დონე და შესაბამისად მოვემზადოთ. კერძოდ, ჩვენ, ევროპაში, უნდა განვავითაროთ საჰაერო თავდაცვის რაკეტების - განსაკუთრებით ანტიბალისტიკური რაკეტების - და ყველა სხვა აუცილებელი სისტემის წარმოება, რომელიც ნამდვილად დაიცავს სიცოცხლეს, რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში. ევროპას შეუძლია უზრუნველყოს ასეთი საიმედო დაცვა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.