„იმედსა“ და „პოსტვ“-ს სანქციების გამო, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ - ამის საპასუხოდ, ორივე ტელეკომპანია „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაშია აღნიშნული.
„24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ ქართულ ტელეკომპანიებს, „იმედსა“ და „პოსტვ“-ს სანქციები დაუწესა, რის გამოც, ამ მედიაორგანიზაციებს, სხვა პრობლემებთან ერთად, Meta-ს სოციალური ქსელების პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის დასპონსორების/რეკლამირების შეზღუდვაც წარმოეშვათ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ შეზღუდვებზე საპასუხოდ, ორივე ტელეკომპანია „ფეისბუქზე“ ახალი გვერდების გახსნასა და მათი მეშვეობით კონტენტის რეკლამირებას ცდილობს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა „პოსტვ“-ის 2 ახალი გვერდი, რომლებიც სანქციების დაწესების შემდეგ, მარტში შეიქმნა და ფეისბუქზე რეკლამებს ათავსებდა. ამ გვერდებმა პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება 4 მარტს მიიღეს და ყველა რეკლამა მომდევნო 2 დღის განმავლობაში გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდს რეკლამების ბიბლიოთეკის შენიშვნაში (ე.წ. „დისქლეიმერში“) იდენტური საკონტაქტო ინფორმაცია აქვს მითითებული.
„პოსტვ“-ის მსგავსად, აუდიტორიის მოზიდვისთვის ფეისბუქზე რეკლამების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს „იმედიც“. მის მთავარ გვერდებზე რეკლამების შეწყვეტის შემდეგ, 3 მარტს, შეიქმნა "ფეისბუქგვერდი „იმედის მხარდამჭერები.“ გვერდმა Meta-ზე რეკლამების განთავსების შესაძლებლობა 5 მარტს მიიღო და იმ დღესვე დაასპონსორა ვიდეო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.