აზერბაიჯანში, ნახიჭევანის აეროპორტზე ირანული დრონის თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმს შეშლილი ფანატიკოსები მართავენ, რომლებიც ყოველგვარი დიპლომატიური ჟესტის მიუხედავად, მზად არიან კონფლიქტის არამონაწილე ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განახორციელონ, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "ფედერალისტების" განცახდებაში.
"აზერბაიჯანში, ნახიჭევანის აეროპორტზე ირანული დრონის თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმს შეშლილი ფანატიკოსები მართავენ, რომლებიც ყოველგვარი დიპლომატიური ჟესტის მიუხედავად, მზად არიან კონფლიქტის არამონაწილე ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განახორციელონ.
მსგავსი ესკალაცია საქართველოს საზღვრებიდან 200 კილომეტრში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიზანმიმართულად ჩამოშლით.
საქართველო ბოლო 13 წელია რეგიონში ყველაზე ნაკლებს ხარჯავს თავდაცვაზე, რის გამოც ქვეყანა საერთოდ დაუცველია მის წინაშე არსებული მყისიერი საფრთხეებისგან.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ნაცვლად, რეჟიმი განაგრძობს საზოგადოების მოტყუებას, რომ ირანის ისლამისტური რეჟიმის მხარდაჭერით და დიპლომატიური ჟესტებით საქართველო დაიცვა, როდესაც აზერბაიჯანზე თავდასხმა საპირისპიროს დასტურია.
სინამდვილეში, ივანიშვილმა საქართველო დაასუსტა შიგნიდან და მსგავსი საფრთხეების პირობებში, ქართველ ხალხს მოკავშირეების გარეშე ტოვებს.
სანამ მისი რეჟიმი ძალაუფლებას ინარჩუნებს, საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან უსაფრთხოდ და ქვეყანაში მშვიდობა თავზეხელაღებული ტერორისტების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.
ქართველები გრძელვადიან უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს მნიშნველოვნად გავაძლიერებთ და საქართველოს ევრო-ატლანტიკური განვითარების გზაზე დავაბრუნებთ.
რეგიონში კი მშვიდობა დამყარდება მაშინ, როდესაც თავისუფალი სამყაროს ერთიანი ძალისხმევით ირანში ტერორისტული რეჟიმის ნარჩენები სრულად განეიტრალდება და ირანელ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი", - აღნიშნულია განცხადებაში.