30 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკა მესხიძე გერმანიის ქ. ბერლინში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემები და მათი გამოყენება".
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სიმპოზიუმზე წარადგენენ საკითხს საქართველოში CORS-ის ქსელის ჩამოყალიბების შესახებ.
საქართველოში უწყვეტად მოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) ჩამოყალიბება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს. შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) "საჯარო რეესტრის ორგანიზაციული განვითარებისა და მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში, უკვე შესწავლილია სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემები; სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცხადდა ტენდერი იმ აუცილებელი ტექნიკის შესყიდვაზე, რომელიც საჭიროა CORS-ის სისტემის შექმნის პირველი ეტაპისათვის.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები EUPOS-ის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრებთან და Gგანიხილება თანამშრომლობის გაგრძელების საკითხი.
აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დასავლური გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
გარდა ამისა, სიმპოზიუმში მონაწილეობა სააგენტოს საშუალებას მისცემს წარმატებით განახორციელოს საქართველოში ჩOღშ-ის ქსელის შექმნა და მისი ევროპის ერთიან სისტემაში ჩართვა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური და მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან ბერლინის სენატის ურბანული განვითარების განყოფილება, ევროპის ადგილმდებარეობის განსაზღვრის ევროპული სისტემა (EUPOS), გაეროს საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს (UNOOSA) და გლობალური სანავიგაციო სატელიტური სისტემების საერთაშორისო კომიტეტი (ICG).
საერთაშორისო სიმპოზიუმი 4 დეკემბერს დასრულდება.