ეგვიპტის ექს-პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. თუმცა, ავადმყოფობის მიუხედავად, ინტენსიური მკურნალობისგან თავს იკავებს. ამის შესახებ ეგვიპტის გაზეთი "ალ-გუმხურია" მუბარაქის უახლოეს გარემოცვაზე დაყრდნობით იტყობინება.
2010 წელს მუბარაქმა გერმანიაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაიკეთა. 2011 წელს მას განმეორებითი კვლევა გერმანულ კლინიკაში უნდა გაევლო.
გამოცემის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტი მკურნალობის მიზნითაც კი საკუთარი ქვეყნის დატოვებაზე უარს ამბობს. ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლისას მუბარაქმა აღნიშნა, რომ საკუთარ ქვეყანას ვერ დატოვებდა, რომელსაც 60 წლის მანძილზე ემსახურებოდა. ამჟამად მუბარაქთან ორი ექიმი იმყოფება, რომლებმაც შარმ-ელ-შეიხში მას შემდეგ ჩააკითხეს, რაც მუბარაქი შეუძლოდ გახდა.
გაზეთის ინფორმაციით, მუბარაქმა საკვანძო სიტყვის წარმოთქმისას ორჯერ დაკარგა გონება. მისი ეს გამოსვლა ტელეეთერით ხუთაშაბათ საღამოს გადაიცა.
შეგახსენებთ, ტელეეთერით უკანასკნელი გამოსვლისას მუბარაქმა აღმსრულებელი ხელისუფლება ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს გადასცა.