შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილ ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.
„შეცვლილი ტარიფი ფერმერებს ტვირთად არ დააწვებათ, რადგან მათ გვერდით სახელმწიფო დგას. ცვლილებები განხორციელდა სარწყავი წყლის ტარიფის სუბსიდირებაში - თუ აქამდე სუბსიდია მიმართული იყო „საქართველოს მელიორაციისკენ“, შეცვლილი მიდგომით ფინანსური მხარდაჭერა უშუალოდ ფერმერებზე იქნება ორიენტირებული. ახალი მიდგომის პირობებში ფერმერები არ იგრძნობენ ფინანსურ წნეხს, ისარგებლებენ სარწყავი წყლით და შეუფერხებლად შეძლებენ მიწების დამუშავებას“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს „საქართველოს მელიორაციის“ ძირითადი მიზნები, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. ყურადღება გაამახვილა სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობაზეც. აღნიშნა, რომ სარწყავი სეზონის დაწყებამდე დმანისში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელშეკრულებების ადგილზე გაფორმებას შეძლებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობას ფერმერებთან კომუნიკაციის და სამელიორაციო მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ოპერატიულად გაფორმების პროცესში. გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ასრულებს სარწყავი სეზონის ორგანიზებულად დაწყების უზრუნველყოფაში. აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს წყლის რესურსის ეფექტიან განაწილებას და თითოეული ფერმერის ინტერესების დაცვას.