ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს აზერბაიჯანში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "რეგნუმი" ბაქოში ამერიკის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის საელჩომ გაფრთხილება ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ გაავრცელა.
"სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე 28 იანვარს აშშ-ის მოქალაქეებისადმი მიცემული გაფრთხილება კვლავ ძალაში რჩება, რადგან არსებობს საშიშროება აზერბაიჯანში ამერიკის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობის. საფრთხე კვლავ სერიოზულია", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამერიკელი დიპლომატები თავის მოქალაქეებს ურჩევენ მასობრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ ან სიფრთხილე გამოიჩინონ.