"ჩრდილოეთის კუნძულებზე" დაბრუნება 7, 5 ათას იაპონელს სურს. ეს განცხადება რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბარში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიდზი მაეჰარამ გააკეთა.
"რაც შეეხება ჩრდილოეთის ოთხ კუნძულს, ისტორიულად იქ რუსებს არასოდეს უცხოვრიათ, იქ მხოლოდ იაპონელები ცხოვრობდნენ. რუსული არმიის თავდასხმის შედეგად 17 ათასი მაცხოვრებელი იქიდან წავიდა. დღეისათვის მათგან მხოლოდ 7 500 ადამიანი დარჩა და მათ იქ დაბრუნება სურთ. ჩვენ გვსურს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩატარება დიალოგის გამოყენებით", _ განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ იაპონია კვლავ აცხადებს, რომ კურილიის კუნძულების ჩრდილოეთი ნაწილი ძირძველი იაპონური ტერიტორიებია.
"ამიტომაც გვსურს, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ ეს საკითხი და ჩვენი მომავალი ურთიერთობების განვითარება განვაგრძოთ", _ განმარტა მაეჰარამ და აღნიშნა, რომ "ჯერ ჯერობით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ომისშემდგომი პერიოდი რუსეთსა და იაპონიის ურთიერთობებში დასრულებული არ არის".