ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორ ყაველაშვილმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ აშშ-თან ურთიერთობები დინამიკურად გაგრძელდება.
„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ორგანიზებული ზამთრის ოლიმპიური თამაშებია. იტალია საუცხოოდ მასპინძლობს. პირველ დღეს საშუალება მქონდა თავად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიღებას დავსწრებოდი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან ერთად. ბევრი სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ამ ფორმატში. მეორე დღეს იტალიის პრეზიდენტის მიღება იყო. ასევე დავესწარი ჩვენი სპორტსმენების, ფიგურული სრიალის მონაწილეების გამოსვლას. მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ და წარმატებულ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისტორიული შედეგი იქნება ამ ოლიმპიურ თამაშებზე.
ასევე, შესაძლებლობა გვქონდა, რომ გავსაუბრებოდით ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. იცით, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციასთან გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მათ შორის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების ნაწილში. ჯეი დი ვენსმა კარგი სიტყვები არ დაიშურა ჩვენი ქვეყნის მიმართ, მან იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენს საერთო ღირებულებებს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები მომდევნო წლებში გაგრძელდება დინამიკურად, როგორც ამ შეხვედრის შემდეგ დაგვრჩა შთაბეჭდილება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.