არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება - სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება.
„უფრო მეტიც, ასეთი ხალხი პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებენ. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასდროს არ მოაქვს. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულში და ამ მხრივ შეცდომებს ვუყურებთ დღესაც. უნდა გაიზარდოს რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ“, - განაცხადა ხუნდაძემ.
მან ასევე პარლამენტს მიმართა, რომ ახალარჩეულ მერებსა და საკრებულოებს მეტი დამოუკიდებლობა მიეცეთ. ხუნდაძის თქმით, მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებები სადღაც სხვაგან არ უნდა მიიღებოდეს.
„მათ ენდო ხალხი და უნდა ვენდობოდეთ ჩვენც. თუ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებენ, გადარჩევის შესაძლებლობაც არსებობს.
კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ჭარბი შიშის გამო გადაწყვეტილებების მიმღებებმა გადაწყვეტილების მიღებაზე უარი თქვან“, - განაცხადა ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.