ის ჩემი ბავშვობის ხმა იყო — დახვეწილი, უბერებელი სილამაზით, მშვენიერთან და ამაღლებულთან წილნაყარი... ეპოქაში, როცა ტელევიზია შემეცნების ლამის ერთადერთ შესაძლებლობად რჩებოდა, ყველაზე საინტერესო, მრავლისმთქმელი და კაშკაშა ცისფერ ეკრანზე სწორედ ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო. მისი ყოველი გამოჩენა დღესასწაულს ჰგავდა — მოლოდინით სავსეს, მუდამ სიახლესა და ნიჭთან ასოცირებულს.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მთელ ეპოქას იტევენ და, როცა მიდიან, თან მიაქვთ დროის სურნელი, ხმა და მეტყველების კულტურა, რომელიც დღეს ასე სანთლით საძებარი გახდა არამხოლოდ ტელეეკრანზე. ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო არა, უბრალოდ, პოპულარული ტელეწამყვანი, არამედ ქართული ტელევიზიის სიმბოლო, მისი ეთიკური, ესთეტიკური და მეტყველების სტანდარტის განმსაზღვრელი.
ჯულიეტა ვაშაყმაძის ცხოვრება თავიდანვე ატარებდა გამორჩეულობის ნიშანსა და ხარისხს. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, ბავშვობიდანვე იდგა სცენაზე, დადიოდა მხატვრული კითხვის წრეში (მისი პედაგოგი იყო სერგო ზაქარიაძე), ცეკვავდა, მღეროდა, უყვარდა პოეზია, ლიტერატურა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფილოლოგი გამოვიდოდა. მართლაც, როგორც მედალოსანმა, ერთი გამოცდა ჩააბარა უნივერსიტეტში, მიიღო ფრიადი, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა და მაშინდელ პოლიტექნიკურ
ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, დაამთავრა ასპირანტურაც. პარალელურად თეატრალურ ინსტიტუტში ეუფლებოდა მსახიობის ოსტატობას. ბრწყინვალედ დაწყებული კინოკარიერა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გატარებული ორი წელი არ ყოფილა ეპიზოდური მოვლენა. ეს უფრო პროფესიულ სკოლას ჰგავდა, რომელშიც მან დახვეწა პლასტიკა, მიზანსცენის შეგრძნება და აუდიტორიასთან ფსიქოლოგიური კონტაქტის ხელოვნება. მისი ბუნებრივი ურთიერთობის ტექნიკა ტელეკამერასთან, დასამახსოვრებელი გარეგნობა, ხმის ტემბრი და არტიკულაცია აყალიბებდა საზოგადოებრივ გემოვნებას. ჯულიეტამ ტელეეკრანზე გადაიტანა თეატრალური ესთეტიკა და კინემატოგრაფიული შარმი, რომლითაც დიქტორის პროფესია მსახიობურ-პერფორმანსულ რანგში აიყვანა. მისი ღვაწლი ქართულ კულტურაში აღქმული უნდა იყოს, როგორც უნივერსალური ხელოვანის რეალიზაცია მედიასივრცეში.
ძნელია იპოვო მეორე ადამიანი, რომელშიც ასე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს არქიტექტურის მკაცრი ხაზები და სცენის პლასტიკა. ჯულიეტას ფენომენალური მეხსიერება და ტექსტის იმპროვიზაციის უნარი (მოკარნახის გარეშე მუშაობა) ავთენტურობის აქტი იყო, რომელმაც მაყურებელსა და ეკრანს შორის არსებული „ცივი ბარიერი“ გააუქმა. „მოკარნახე ტექსტის ფარდაა ჩემსა და მაყურებელს შორისო“ — ამბობდა და საგანგებოდ არ იყენებდა მას, ადვილად იმახსოვრებდა რთულ ტექსტებს. ეკრანიდან კი აზრი და ცოცხალი ემოცია მოდიოდა. მაგრამ, ამ პროცესში მთავარი მაინც ის იყო, რომ შეეძლო ტექსტის გათავისება, სხვისი დაწერილის საკუთრად ქცევა და ასე მოტანა მაყურებლამდე.
ჯულიეტა ვაშაყმაძის სახელი, მართლაც, სცილდება უბრალო სატელევიზიო პოპულარობას. ის კულტუროლოგიური მოვლენაა, რომელმაც შექმნა ტელეწამყვანის ესთეტიკური და ინტელექტუალური სტანდარტი საბჭოთა საქართველოში. მისი მოღვაწეობა ქართულ მედიასივრცეში წარმოადგენს უნიკალურ მოდელს, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის არქიტექტურული აზროვნება, სცენური ხელოვნება და მაღალი საჯარო კომუნიკაცია. მან დაამკვიდრა ტელეწამყვანის ახალი ტიპაჟი — ინტელექტუალური დიქტორი, რომელიც იყო არა ტექსტის მექანიკური მკითხველი, არამედ აზრის გამტარი. მანვე დაამსხვრია მანამდე არსებული საინფორმაციო ტექსტის მკითხველის სტერეოტიპი, რომელიც ჩაანაცვლა „მოსაუბრე სუბიექტის“ მოდელით.
განათლებით არქიტექტორმა თავის სატელევიზიო მოღვაწეობაში შემოიტანა კომპოზიციური სიზუსტე, არქიტექტორისთვის დამახასიათებელი კომპოზიციური აღქმა ეთერის დროით მონაკვეთებსა და ვიზუალურ კადრში მოაქცია. მისი ყოველი გამოჩენა ეკრანზე წარმოადგენდა ერთიან ვიზუალურ და აკუსტიკურ სტრუქტურას. ეს იყო „ეთერის არქიტექტურა“ და ასე ტრანსფორმირდა პროფესია შინაგან სტრუქტურულ დისციპლინად.
ჯულიეტა ვაშაყმაძის ფენომენის ანალიზი თანამედროვე მედიასტანდარტების ჭრილში კიდევ უფრო ცხადყოფს მის უნიკალურობას. თუ დღეს „კარგი ტელეწამყვანის“ კრიტერიუმები მკაცრადაა განსაზღვრული, მან ეს სტანდარტები ჯერ კიდევ მაშინ დაამკვიდრა, როცა დიქტორის პროფესია ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. თანამედროვე მედიაფსიქოლოგიაში თვითრწმენა ითვლება წამყვანის წარმატების გარანტად. ჯულიეტა ვაშაყმაძის შემთხვევაში ეს იყო არა მხოლოდ თავდაჯერებულობა, არამედ არტისტული თვითმყოფადობა: მას ყოველგვარი ზედმეტი ჟესტიკულაციის გარეშე ჰქონდა აბსოლუტური ძალაუფლება აუდიტორიაზე.

ჯულიეტა ვაშაყმაძის, როგორც ტელედიქტორისა და წამყვანის, სტილი იყო ინტელექტუალური ელეგანტურობა. პიროვნული თავისუფლება ტოტალიტარულ ჩარჩოებში კი მისი მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. საბჭოთა ტელევიზია მკაცრად იყო დეტერმინირებული, ცენზურით დასაზღვრული და იდეოლოგიზებული. ამ დახშულ გარემოში ჯულიეტა ვაშაყმაძე ახერხებდა შეუძლებელს: არ იქცა „საბჭოთა დიქტორად“ — დარჩა პიროვნებად. მაშინაც კი, როცა ოფიციალურ ტექსტებს კითხულობდა, მაყურებელს გადასცემდა იმ შინაგან თავისუფლებას, რომელსაც სისტემა ვერაფერს უხერხებდა. სწორედ ეს ხდიდა მას ასეთ ძვირფასს მაყურებლისთვის — ეკრანიდან გვესაუბრებოდა თავისუფალი ადამიანი.
დღევანდელ მედიაში, სადაც ხშირად ფორმა შინაარსს ფარავს, ჯულიეტა ვაშაყმაძის მაგალითი რჩება მთავარ გაკვეთილად: ტელეწამყვანი, უპირველესად, არის ღირებულებათა და ფასეულობათა მატარებელი პიროვნება. მან დაამტკიცა, რომ პროფესიული კომპეტენცია და ინდივიდუალიზმი ის ინსტრუმენტებია, რომლებითაც ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი ცენზურის პირობებში დარჩეს თავისუფლების მხარეს.
მოგვიანებით, უკვე პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჯულიეტა ვაშაყმაძე იქცა ნორმატიულ ფიგურად, რომლის მიხედვითაც იზომებოდა ტელეწამყვანის „კარგი ტონი“ და მეტყველების კულტურა. მისი მნიშვნელობა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ პერსონალური წარმატების ჭრილში. ჯულიეტა წარმოადგენს მაგალითს იმისას, თუ როგორ შეიძლება ინდივიდმა მკაცრად იდეოლოგიზებულ სისტემაში ჩამოაყალიბოს პროფესიული სტანდარტი, რომელიც აღემატება დროებით პოლიტიკურ კონიუნქტურას და რჩება კულტურულ მეხსიერებაში, როგორც ტელეწამყვანის კლასიკური მოდელი.
დღესაც ენატრება ქართველ მაყურებელს ისეთი ტელესახე, რომელსაც ჯულიეტა ვაშაყმაძესავით პირდაპირ ეთერში შეუძლია ფიქრი და მოსმენა, აზროვნება და არა მხოლოდ ტექსტის მექანიკური გადაცემა. ტელემაყურებელს ენატრება წამყვანი, რომელიც აფექტაციის გარეშე დარბაისლური ქართულით ესაუბრება მას, როგორც — თანამოსაუბრეს; გააზრებული აქვს სიტყვების შინაარსი, კონტექსტი და პასუხისმგებლობა. მისთვის დიალოგი არ არის ფორმალური ჟესტი ან დროის შევსების საშუალება — იგი კულტურის ფორმაა, ურთიერთობის ეთიკა, აზრის გაცვლის სივრცე.
ქართული ტელევიზიის ცაზე ბევრი ვარსკვლავი კაშკაშებდა, მაგრამ ჯულიეტა ვაშაყმაძე თითქოს მათ შორის არ მოიაზრებოდა... იგი იყო მზე ტელევიზიისა და, როცა მზე ამოდის, ვარსკვლავები ქრებიან...
ბედნიერი ადამიანი იყო — უსაზღვროდ პოპულარული, ყოველი ქართველის ოჯახის წევრად ქცეული, უაღრესად წარმატებული პროფესიაში, პირად ცხოვრებაში, ყველგან გამორჩეული სიყვარულისა და პატივისცემის შარავანდედით მოსილი. და ეს ტელევიზიის სიმბოლოდ ქცეული ცოცხალი ლეგენდა ერთხელაც ტელევიზიაში აღარ შეუშვეს, კარი ჩაუკეტეს, უთხრეს, რომ უკვე ზედმეტია, რომ სხვებთან ერთად გაშვებულია სამსახურიდან. ეს იყო 2004 წელი... რეფორმის სახელით მოხდა ის, რაც ხშირად ხდება ისტორიაში: აუცილებელი ცვლილებების საბაბით უარყოფენ შეუცვლელს. ჯულიეტა ვაშაყმაძე მშობლიური ტელევიზიიდან გააძევეს არა იმიტომ, რომ აღარ შეეძლო, არამედ იმიტომ, რომ ზედმეტად კარგად შეეძლო. მისი სტანდარტი მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდა ახალი ეპოქის უფერულობისთვის. ის ჩამოაშორეს საქმეს, რომელიც მისთვის უბრალოდ პროფესია კი არა, დროის განცდა, არსებობის რიტმი იყო.
ჩვენ კი მაშინდელი ნეობოლშევიკური რეჟიმის ჩრდილქვეშ ვერ შევინახეთ, ვერ დავიცავით ვერც ის და ვერც მისი თაობა. ვერ გავბედეთ გვეთქვა, რომ რეფორმა, რომელიც ადამიანურ საზომს კარგავს, დანაშაულია.
ჯულიეტა ვაშაყმაძის ფენომენი კიდევ ერთხელ გაცხადდა მის მიერ გამოვლენილ უპრეცედენტო შინაგან სიმტკიცესა და ინტელექტუალურ რეზისტენტობაში. უსამართლობის პირისპირ მან მოახერხა სრული პროფესიული მეტამორფოზა: თავად იქცა საკუთარი და მეუღლის ინტერესების დამცველად და ადვოკატად. ამ ასაკში არა მხოლოდ საფუძვლიანად შეისწავლა მოქმედი კანონმდებლობა და იურიდიული ნიუანსები, არამედ დამოუკიდებლად აითვისა თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმები: დაეუფლა კომპიუტერულ პროგრამებს, თავად ქმნიდა და ასაბუთებდა იურიდიულ დოკუმენტაციას — ეს მისი ინტელექტუალური სიცხადისა და მენტალური ახალგაზრდობის დასტური იყო. ადვოკატის ამპლუა იქცა ჯულიეტა ვაშაყმაძის ცხოვრების ბოლო პერიოდის პროფესიულ მონაპოვრად. სასამართლო დარბაზების ყრუ კედლებში, სადაც ხშირად „კანონი დაპატიმრებული იყო“, იგი საკუთარი მაგალითით ამტკიცებდა უმთავრეს პოსტულატს: ნამდვილ პროფესიონალიზმსა და პიროვნულ ღირსებას ვერანაირი პოლიტიკური თუ ბიუროკრატიული კონიუნქტურა ვერ დაამარცხებს. შედეგიც დადო: მეუღლის საქმე საქალაქო სასამართლოში მოიგო — ეს იყო პიროვნების გამარჯვება სისტემაზე.
ასე გაატარა წლები უსამართლობით შეურაცხყოფილმა ჯულიეტამ. სასამართლო პროცესიდან პროცესამდე იწელებოდა დრო, მძაფრდებოდა მშობლიურ ტელევიზიაში დაბრუნების მწვავე მოლოდინი... ვინ იცის, იქნებ სიზმარში ხედავდა იმას, რაც ასე სწყუროდა — ჩართულ კამერებს, პროჟექტორების შუქსა და ნანატრ პირდაპირ ეთერს.
და, როცა უკანასკნელი იმედიც გადაიწურა, დასრულებამდე დაამთავრა ცხოვრება — ჩაიკეტა, ცრემლსა და დარდს მიეცა, ჯანმრთელობამაც უმტყუნა, დღითი დღე ილეოდა და ქრებოდა ქართული ნიჭი და სილამაზე, თუმცა ის არავის ენახვებოდა, უახლოეს ადამიანებსაც კი, ამიტომ მაყურებლის ხსოვნაში უბერებელ ჯულიეტა ვაშაყმაძედ დარჩა.
დღეს, როდესაც მედიაგარემო რადიკალურად შეიცვალა და ეკრანზე სუბიექტურობა, ზედაპირული სპონტანურობა და ხშირად აგრესიული ექსპრესია დომინირებს, როცა ჟურნალისტი, პროფესიული ნეიტრალიტეტის ნაცვლად, პოლიტიკურ მხარედაა ქცეული, ჯულიეტა ვაშაყმაძის მოდელი გვახსენებს, რომ პროფესიული სრულყოფილების უმაღლესი ნიშანი ტელეკამერასთან ბუნებრივი, ორგანული მუშაობა, პირდაპირ ეთერში ფიქრისა და მოსმენის უნარი, სიტყვის სიზუსტე და ინტონაციური თავშეკავებაა. მისი მოღვაწეობა ამტკიცებს, რომ ნამდვილი ტელეწამყვანის ოსტატობა არა მაყურებელზე ემოციურ ზეწოლაში, არამედ იმ აკადემიურ სიმშვიდესა და პატივისცემაშია, რომლითაც ის აუდიტორიასთან დიალოგს აგებს. ჯულიეტა ვაშაყმაძემ დაამკვიდრა სტანდარტი, რომელშიც ეთიკა და ესთეტიკა განუყოფელია, და ეკრანი მაღალი სამოქალაქო და კულტურული კომუნიკაციის სივრცეა.
არის დანაკლისი, რომელსაც დრო ვერ ავსებს — მხოლოდ ფორმას უცვლის. არის მონატრება, რომელიც წლებთან ერთად კი არ ნელდება, უფრო ზუსტ სახეს იძენს. ჯულიეტა ვაშაყმაძესა და მის მრავალრიცხოვან მაყურებელს შორის ახლა მხოლოდ უხილავი ფარდაა — ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც ოდესღაც ცისფერი ეკრანი იყო. უბერებელი ჯულიეტა მაყურებელთა მეხსიერებაში აგრძელებს სიცოცხლეს, თავისი ნატიფი ესთეტიკითა და ტელეწამყვანის იმ ხმით, რომელიც ჟამთა სვლას არ ექვემდებარება.
საბა მეტრეველი