აშშ-მა უნდა იცოდეს, რომ თუ ის ახალ ომს დაიწყებს, ამჯერად ეს რეგიონული ომი იქნება, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ჩვენ ომს არ ვიწვევთ და რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას არ ვცდილობთ, მაგრამ ირანელი ხალხი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ყველას, ვინც მას თავს დაესხმება. წარსულში ამერიკელები არაერთხელ იმუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის ომის ვარიანტი. ირანელი ხალხი ამ საფრთხეების გავლენის ქვეშ არ მოექცევა“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
შეგახსენებთ, 28 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება და ირანს მოუწოდა სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააფორმოს სამართლიანი შეთანხმება - ბირთვული იარაღის გარეშე.
„იმედია, ირანი სწრაფად დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან და მოლაპარაკებას დაიწყებს სამართლიან და თანასწორ შეთანხმებაზე - ბირთვული იარაღის გარეშე - ისეთზე, რომელიც ყველა მხარისთვის კარგი იქნება. დრო იწურება, ეს ნამდვილად არსებითია! როგორც ერთხელ უკვე ვუთხარი ირანს, დადეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და იყო „ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მასშტაბური განადგურება. შემდეგი თავდასხმა გაცილებით უარესი იქნება! არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს“,- თქვა ტრამპმა.