საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ცნობით, აკადემიის შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში წარმოადგენს სისტემურ რეფორმასა და მნიშვნელოვან ინსტიტუციურ სიახლეს.
„მას მიენიჭება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სფეროში მაღალკვალიფიციური, თეორიული და პრაქტიკული კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირებული იქნება როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით შემუშავებული სასწავლო კურსები, ისე ფიზიკურ, ტაქტიკურ, საცეცხლე და ფსიქოლოგიურ მომზადებაზე ორიენტირებული სპეციალური საგნები.
აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა იქნება უფასო. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.