გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, არ ჩანს იმის ნიშანი, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა.
მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი იმპულსი მისცა მშვიდობის მიღწევისკენ მიმართულ დიპლომატიურ ძალისხმევას, მოსკოვის ბოლოდროინდელი ქმედებები, როგორც ჩანს, საპირისპიროზე მიუთითებს.
„ამჟამად [...] მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს იმისა, რომ რუსეთი სერიოზულად ცდილობდეს მშვიდობის დამყარებას“, - თქვა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ აბუ-დაბიში აშშ-ს ხელმძღვანელობით ბოლო მოლაპარაკებების დროსაც კი, პუტინმა უკრაინას „ისე შეუტია, როგორც ეს ამ ომში აქამდე არ უნახავთ“.
პისტორიუსმა ასევე სიცრუე უწოდა კრემლის მტკიცებას, რომ მისი თავდასხმები არასდროს ყოფილა მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
„ეს არის ტერორი, რომელიც მიმართულია ექსკლუზიურად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ზამთარში, მინუს 20- გრადუსიანი ტემპერატურის ფონზე", - განაცხადა პისტორიუსმა.
მინისტრმა დასძინა, რომ პუტინი კომპრომისზე წასვლის სურვილს არ ავლენს.
ცნობისათვის, 30 იანვარს დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხედავს შანსს წარმატებული მოლაპარაკებებისთვის რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.