საახალწლოდ ვადაზე ადრე, შესაძლოა 15 პატიმარი გათავისუფლდეს.
აღნიშნული პატიმრების საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება მუდმივმოქმედმა კომისიამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
კომისიამ პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე სულ 127 მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილა, თუმცა მხოლოდ 15 მსჯავრდებულის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვიტა სასამართლოსთვის წარდგინებით მიემართა.
აღსანიშნავია, რომ 15 პატიმრის გარდა 2 მსჯავრდებული შემდგომი რეაბილიტაციისთვის საქართველოს საპატრიარქოსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ეკლესია-მონასტრებში გაიგზავნება. დანარჩენ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით კი კომისიამ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე სასჯელმა ვერ მიაღწია თავის მიზანს.
"კომისიამ გამჭვირვალედ და ორი მთავარი პრინციპის - პატიმართა უფლებებისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით იმუშავა", - აცხადებენ შაშკინის უწყებაში.