ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილი, ბადრი აბაშიძე, რომელმაც გუშინ ბათუმში თავის დაწვა სცადა, თბილისში გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ბათუმში გვიან ღამემდე გაგრძელდა.
როგორც გამოცემა "აჭარა თაიმსს" თვითმხილველებმა უთხრეს, ცეცხლის წაკიდების შემდეგ, კაცი იქვე მდებარე ღია აუზში ჩახტა და გადარჩა.
მანამდე, ბადრი აბაშიძემ Facebook-ლაივში ვრცლად ისაუბრა და მოქმედი დეპუტატები, პარლამენტარები და მაღალჩინოსნები მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. ბადრი აბაშიძის თქმით, მას ქართული ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთის დათმობას და მათთვის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაფორმებას სთხოვენ. მისივე თქმით, მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი ორგანიზაციის კერძო საკუთრებაა, ოქროს საბადოს წარმოადგენს.
აბაშიძემ ასევე თქვა, რომ მას მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარიც შესთავაზეს, რაზეც, მისივე განცხადებით, უარი თქვა და ამის შემდეგ მას "სხვანაირად ებრძვიან". ცნობილია, რომ ბადრი აბაშიძე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ აბაშიძის შვილია.
ფოტო: "აჭარა თაიმსი"