"მოსკოვის მექანიზმი არის OSCE-ის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ფართომასშტაბიანი და მძიმე დარღვევების შესახებ და როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღების ნება ან შესაძლებლობა არ ჩანს. - ამის შესახებ "კოალიცია" ცვლილებებისთვის" წარმომადგენელი გიორგი ბუტიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბუტიკაშვილი ეხმიანება ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის მიერ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებასა და ექსპერტული მისიის შექმნას.
"არსებული ინფორმაციით, OSCE-ის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება საქართველოს საქმეზე რეალურ და გარდაუვალ ფაზაში შევიდა. ეს ნაბიჯი წარმოადგენს მკაფიო საერთაშორისო შეფასებას იმისა, რომ საქართველოში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევები აღარ განიხილება როგორც ცალკეული ინციდენტები, არამედ აღიქმება სისტემურ პრობლემად, ხოლო შიდა სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ეფექტიან, დამოუკიდებელ და ნდობით აღჭურვილ გამოძიებას.
მოსკოვის მექანიზმი არის OSCE-ის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ამოქმედდება მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ფართომასშტაბიანი და მძიმე დარღვევების შესახებ და როდესაც სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღების ნება ან შესაძლებლობა არ ჩანს. მისი გამოყენება ნიშნავს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას, რომლებიც დაადგენენ ფაქტებს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და შეაფასებენ მოვლენებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
„ქართული ოცნებისთვის“ ეს ნიშნავს ახალი ეტაპის დაწყებას, სადაც საკითხი გადადის პოლიტიკურ განცხადებებსა და ურთიერთბრალდებებიდან დოკუმენტირებულ მტკიცებულებებზე. მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური და საჯარო, და მას ვერ გააკონტროლებს ვერც რეჟიმი და ვერც პროპაგანდისტული ნარატივები.
ამ ანგარიშში აისახება მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, დაკავებები, არასათანადო მოპყრობა, ინსტიტუტების პოლიტიზაცია, ქიმიური ნივთიერების გამოყენება და სხვა იმ ქმედებათა ერთობლიობა, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლის ნიშნებს ქმნის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშები არ რჩება მხოლოდ დოკუმენტებად. ისინი ხდება საერთაშორისო პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველი - გამოიყენება ევროკავშირში, ევროსაბჭოში, OSCE-ში, ასევე პარტნიორი ქვეყნების მიერ სანქციების, შეზღუდვების და პოლიტიკური პოზიციების ფორმირებისას. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი შედეგები ივანიშვილის რეჟიმის მიმართ.
საქართველოს დემოკრატიული მომავალი, მისი ევროპული გზა და მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები საჭიროებს რეალურ ცვლილებებს, პასუხისმგებლობას და ძალადობის პოლიტიკის შეწყვეტას. საერთაშორისო მექანიზმების ჩართვა არის შედეგი, არა მიზეზი - შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელიც ქვეყანას იზოლაციისა და ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს", - წერს ბუტიკაშვილი.
ბუტიკაშვილი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს: "მოკლედ: ეუთოს მოსკოვის მექანიზმი დამოუკიდებლად, ქოცების გარეშე, ექსპერტების დონეზე შეისწავლის ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევებს და დადებენ ფაქტებზე დაფუძნებულ ანგარიშს. სხვა სიტყვებით, ქართული ოცნება ვეღარ შეძლებს ფაქტებით მანიპულაციას და ტყუილის გავრცელებას, რის საფუძველზეც დადგინდება ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემურობა და არა ეპიზოდური გადაცდომები, რაც საფუძველი გახდება ქართული ოცნების ფართომასშტაბიანი სანქცირების".