ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს. ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
"2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მძიმე ადამიანის უფლებების კრიზისში ჩააგდო. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომელიც განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით სახელმწიფო ძალაუფლებას აფართოებს და სასამართლო სისტემას დამოუკიდებლობას ართმევს.
ხელისუფლებამ გაყინა იმ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები, რომლებიც დემონსტრანტებს იურიდიულ დახმარებას უწევენ, ჟურნალისტები დააკავა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოჩვენებით სასამართლო პროცესებზე დაიბარა, ხოლო შემდეგ ისინი მათი ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმის გამო დააკავა. ახლა მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა მაღალ ჯარიმებსა და ხანგრძლივი დროით პატიმრობას იწვევს“, - აცხადებს კომისია.
ბრიფინგზე სიტყვით გამოვლენ: McLarty Associates-ის მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.