ფოთელი პედაგოგის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ პირველი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელ იგორ კეკელიას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ადვოკატის ცნობით, ახალგაზრდა კაცი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დააკავეს.
"პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდგომ, პედაგოგის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.
იგორ კეკელიას კი მუქარის განხორციელების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
დაზარალებული პედაგოგი გამოთქვამს სურვილს, რომ საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა არ შეეფარდოს. სავარაუდოდ, იგი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდება.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც.
გრძელდება საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა დანაშაულებრივ ქმედებებზე სათანადო რეაგირების მიზნით" - წერს ადვოკატი.
ცნობისთვის, 11 იანვარს პედაგოგი TV პირველთან ინტერვიუში ამბობდა, რომ, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრები გაუვრცელეს.
იგორ კეკელიას თქმით, ამბავს სკოლაში დაშინება, ბულინგი და ზეწოლა მოჰყვა. 30 დეკემბერს კეკელია სკოლიდან გაათავისუფლეს.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ "ვიდეომასალა პრაქტიკულად მთელმა ქალაქმა ნახა", თუმცა სახელმწიფომ ამ ეტაპზე დამნაშავეთა გამოვლენა ვერ უზრუნველყო.