ეგვიპტის უმაღლესმა სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. განცხადება ქვეყნის უმაღლესი სამხედრო საბჭოსა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. როგორც BBC იუწყება, ეგვიპტის არმიის მაღალჩინოსანი სახელმწიფო ტელევიზიით აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სექტემბერში ჩატარების გეგმას მხარს უჭერს.
ეგვიპტელი სამხედრო პირები, პირობას იძლევიან, რომ ისინი ხელს შეუწყობენ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.
არმია მხარს უჭერს მუბარაკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აუცილებელად უნდა განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.
როგორც სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მაშინ მოიხსნება, როდესაც ეგვიპტეში სიტუაცია დასტაბილურდება და დამშვიდდება.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ფართომასშტაბიანი აქციები დღესაც გრძელდება. მუბარაკის გამოსვლის შემდეგ, როდესაც მან განაცხადა, რომ სექტემბრამდე არ აპირებს გადადგომას, მოსახლეობა კაიროს ცენტრალურ ტაჰირის მოედანზე ისევ დიდი რაოდენობით გავიდა. არეულობები ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო. მის შემდეგ მომხდარ შეტაკებებს ეგვიპტეში დაახლოებით 300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.