ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურებს ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ - ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა, მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში, პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ქართველი ხალხი „უვიც, არაფრის მცოდნე ჯოგად მიაჩნიათ, რომლის ერთადერთი დანიშნულება, საკუთარი გაღარიბების ხარჯზე, ივანიშვილის რეჟიმის გამდიდრებაა“.
„ივანიშვილის პროვინციული ავტოკრატიის მსახურების კომიკური მდგომარეობა მძიმე საყურებელია - ტრამპზე რამის თქმა ეშინიათ... ისევ ევროკავშირს მისდგომია გერმანელი გადასახადის გადამხდელების ნასუფრალზე წლებით გამოკვებილი პაპუაშვილი.
ვენესუელაში სპეცოპერაცია ჩაატარა ტრამპმა, მადუროს ასამართლებენ ნიუ-იორკში და არა ბრიუსელში. პაპუაშვილი კი ისევ ბრიუსელს აგინებს.
ევროკავშირმა მკაფიო მოწოდება გააკეთა, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვის აუცილებლობაზე.
საერთაშორისო ქარტეხილებში გადარჩება ის, ვისაც ძლიერი მოკავშირე ეყოლება. ევროკავშირში გაწევრიანების გზამ შანსი მოგვცა, პირველი რესპუბლიკის ბედი არ გავიზიაროთ, მარტო აღარ ვიყოთ გადარჩენისთვის ბრძოლაში.
ეს შანსი ჩვენს ხალხს ივანიშვილმა ააღლიტა. ახლა გიმტკიცებენ, რომ თურმე საერთაშორისო იზოლაციაში დარჩენილი, უმეგობრო და უმოკავშირეო საქართველო, ივანიშვილის ბრძნული საგარეო პოლიტიკის შედეგი და გადარჩენის ფორმულაა.
ქართველი ხალხი ჯოგად მიაჩნიათ, უვიც, არაფრის მცოდნე ჯოგად, რომლის ერთადერთი დანიშნულება, საკუთარი გაღარიბების ხარჯზე, ივანიშვილის რეჟიმის გამდიდრებაა,“ - წერს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:„ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა“.