ახლო აღმოსავლეთში დიმიტრი მედვედევის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე სალტანოვმა ჰოსნი მუბარაქს რუსეთის პრეზიდენტის ზეპირი გზავნილი გადასცა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყება იტყობინება.
"მედვედევის დავალებით, 9 თებერვალს ეგვიპტეს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ფედერაციის სპეციალური წარმომადგენელი ალექსანდრე სალტანოვი უწყებათაშორისი დელეგაციის მეთაურის რანგში ეწვია. იგი პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა მიიღო. სალტანოვმა მუბარაქს რუსეთის პრეზიდენტის ზეპირი გზავნილი გადასცა,"_ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, შეხვედრა შედგა ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ აბულ-გეიტთან.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში ანტისახელისუფლო დემონსტრაციები 25 იანვრიდან დაიწყო. არეულობას სულ მცირე, 300 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციონრები პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომას მოითხოვენ.