ქართული მხარე კანადურ მედიაში გამოქვეყნებულ სკანდალურ მიმოწერასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახსნა-განმარტებას სთხოვს.
ქართული მხარე მოითხოვს დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, რეალურია თუ არა ის მასალები, რომელიც ავსტრალიურმა ტელევიზიამ ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ვანკუვერის ოლიმპიადაზე დაღუპვასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა.
უკვე ცნობილია იმ სპეციალური წერილის შინაარსი, რომლითაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს მიმართავს.
ტრაგედიამდე 11 თვით ადრე ციგის საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფს ვისტლერის ტრასის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოუწოდებდა.
წერილი თბილისიდან ლოზანაში დღეს გაიგზავნება. დაიწყება თუ არა დახურული საქმის ხელახალი ძიება ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიურმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ვანკუვერის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის ერთმანეთში საიდუმლო მიმოწერა, რომლის მიხედვითაც ქუმარიტაშვილის დაღუპვა ტრასის გაუმართაობამ გამოიწვია.
ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საცდელი დაშვებისას დაიღუპა.