უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, პოკროვსკის ჩრდილოეთ ნაწილში, 16 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლის აღდგენა შეძლეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
სირსკიმ მონაწილეობა მიიღო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ 32-ე შეხვედრაში და ისაუბრა ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებაზე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსული არმია არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს, თუმცა მან ვერ მიაღწია „მნიშვნელოვან ოპერატიულ წარმატებებს“.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ „მოახერხა კუპიანსკიდან ოკუპანტების უკან დახევა და ქალაქის ტერიტორიის თითქმის 90 პროცენტის კონტროლი“.
„მე ცალკე შევეხე პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებას. აქ მტერი 17 თვეზე მეტია ცდილობს პოკროვსკის აღებას. თუმცა, უკრაინული დანაყოფები ინარჩუნებენ პოზიციებს და ინიციატივას ითვისებენ. კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 16 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი აღდგა. ასევე დავიბრუნეთ 56 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია პოკროვსკის დასავლეთით - გრიშინოს, კოტლინოსა და უდაჩნოეს დასახლებების რაიონებში", - განაცხადა სირსკიმ.
ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, ქალაქი პოკროვსკი რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. რუსულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვა, რასაც ოფიციალური კიევი უარყოფს.