საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ მინისტრებს საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით შეზღუდვა დაუწესა. საფრანგეთის ხელისუფალის აზრით, მთავრობის წარმომადგენლებმა სამშობლოში უნდა დაისვენონ, ხოლო უცხოეთში გამგზავრების ნებართვა, პრემიერ-მინისტრისა და ელისეის სასახლისგან გამონაკლისის სახით, უნდა მოიპოვონ.
"დღევანდელი დღიდან მოყოლებული, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მივლინება საფრანგეთში უნდა გაატარონ. მათთვის უცხოეთში გამგზავრების ნებართვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დიპლომატიურ კაბინეტთან შეთანხმებით უნდა გასცეს, რომლებიც საფრანგეთის საგარეო პოლიტიკასთან მის შესაბამისობას განიხილავენ", _ განაცხადა სარკოზიმ მინისტრთა კაბინეტის საბჭოს სხდომაზე.
ეს განცხადება სარკოზიმ მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის მეთაურმა ფრანსუა ფიიონმა აღიარა, რომ ოჯახთან ერთად არდადეგები ეგვიპტეში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით გაატარა.
ამასთან, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ სარკოზის სკანდალურმა ფაქტმა უბიძგა, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიშელ აიო-მარის ირგვლივ განვითარდა. კერძოდ, ერთი კვირის წინ მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტუნისში გატარებული საშობაო არდადეგების შესახებ. როგორც გაირკვა, დეკემბრის ბოლოს, სახალხო მღელვარების დროს, აიო-მარი ტუნისელი მეწარმის თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ტუნისის გადაგდებული პრეზიდენტის _ ზინა ალ-აბიდინა ბენ ალის მეუღლის ნათესავი აღმოჩნდა. ამ ბიზნესმენის ოჯახს ტუნისის სახელმწიფო ქონების მიტაცებაში ადანაშაულებენ. A
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ტუნისში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა თვითმფრინავის მეპატრონე ტუნისის პრეზიდენტის მეუღლის ახლობელი ნამდვილად არ ყოფილა. ამასთან, მიშელ აიო-მარიმ პირობა დადო, რომ კერძო თვითმფრინავით აღარ იმგზავრებდა. ამის მიუხედავად, საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ მისი გადადგომა მოითხოვა.