სამხრეთ სუდანში, იქ სადაც ახლახანს თვითგამორკვევის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა კოოპერაციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
"როიტერის" ინფორმაციით, მინისტრი ქალაქ ჯუბაში მის საკუთარ უწყებაში მომუშავე მძღოლმა მოკლა. მან ასევე მოკლა დაცვის ერთი თანამშრომელი და შემდეგ თავი მოიკლა. დანაშაულის მოტივებზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
აღსანიშნავია, რომ სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის თვითგამორკვევისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის შედეგები აღიარა. შედეგების მიხედვით, სამხრეთ ნაწილის გამოყოფას ხმა 98,83 % მისცა და მხოლოდ 1,17% დაუჭირა მხარი ქვეყნის ერთიანობას.
ქვეყანა ერთიანი 2011 წლის 9 ივლისამდე იქნება. ამის შემდეგ კი სახელმწიფო ატრიბუტიკა, ჰიმნი და პასპორტები შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს 20-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სუდანის სამთავრობო ძალებმა, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთს წარმოადგენენ, ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას სამხრეთის აჯანყებულებთან. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ნავთობით მდიდარი სამხრეთ სუდანის თვითგამორკვევის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო.