ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან კრის ბრაიანტმა საკუთარ ხელისუფლებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ბრიტანეთში მიღებისგან თავშეკავება მოსთხოვა.
მისი თქმით, ლავროვის ვიზიტი მანამდე უნდა გადაიდოს, სანამ ბრიტანული გაზეთ "გარდიანის" კორესპონდენტის ლუკ ხარდინგის საკითხი არ გაირკვევა.
საქმე ისაა, რომ ხარდინგი მოსკოვში არ შეუშვეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვიზა გააუუქმეს და კვლავაც ბრიტანეთში დააბრუნეს.
მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ხარდინგმა რუსეთის ფედერაციაში უცხოელი ჟურნალისტებისთვის დაწესებული აკრედიტაციის წესი დაარღვია. თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტი ამ ბრალდებას არ ეთანხმება.
ხარდინგის უფლებების დასაცავად არაერთი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციისა და კავშირების წარმომადგენლები გამოვიდნენ.
თავის მხრივ, "გარდიანის" რედაქციამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით უკმაყოფილება გამოხატა.
კრის ბრაიანტის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სულაც არ უნდა შეუშვან ქვეყანაში, ვიდრე რუსეთის საგარეო უწყება ჟურნალისტის გაძევებასთან დაკავშირებით უფრო ადექვატურ ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს. მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ლავროვს ისეთივე მიღებას მოუწყობენ, როგორიც რუსეთში მოუწყეს ბრიტანელ ჟურნალისტს.
როგორც ევროპის საქმეებთან დაკავშირებით ბრიტანეთის მინისტრმა დევიდ ლიდინგტონმა აღნიშნა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ხეიგი ლავროვს სწორედ ბრიტანელი ჟურნალისტის შესახებ დაელაპარაკება.
შეგახსენებთ, ლავროვის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში 14-15 თებერვალსაა დაგეგმილი.