გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად დამატებით 200 მილიონ დოლარს (დაახლოებით 172 მილიონ ევროს) გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
ეს სახსრები PURL -ის პროგრამის („უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“) ფარგლებში გამოიყოფა. აღნიშნული პროგრამა მოქმედებს 2025 წლის ზაფხულიდან, ნატო-სა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად.
PURL-ის მექანიზმის შემოღების შემდეგ, გერმანიამ ოქტომბერში უკვე დააფინანსა 500 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი.
PURL-ის ორ ახალ პაკეტს, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიარდი დოლარია, ნიდერლანდები, ნორვეგია და პოლონეთი ერთობლივად დააფინანსებენ.
ზემოაღნიშნული 200 მილიონი დოლარის გარდა, გერმანია ნატო-ს ფონდში 25 მილიონ ევროს გადარიცხავს, რათა „უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, ამჟამად, ფრონტზე ყინვისა და თოვლის პირობებში, უზრუნველყოფილნი იყვნენ საჭირო ზამთრის აღჭურვილობით და მიიღონ ადეკვატური სამედიცინო დახმარება“.
17 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ PURL პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო 2 მილიარდ დოლარზე მეტი და წლის ბოლომდე იმედოვნებს, რომ მიიღებს 3-3.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს.
ეს თანხა გამოყენებული იქნა, კერძოდ, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების და HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების შესაძენად.