„ლელო - ძლიერი საქართველო“ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიმართავს, 2024 წლის აქციების დასაშლელად გამოყენებულ ნივთიერებასთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩაერთოს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ვატო სურგულაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ვატო სურგულაძის განცხადებით, მან შარშან ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა კითხვით, იკვლევდნენ თუ არა, რომელ მომწამლავ ნივთიერებებს იყენებდა შსს აქციების დარბევის დროს.
"1 წლის წინ, 2024 წლის 4 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შევიტანე იმ საკითხთან დაკავშირებით, იკვლევდნენ თუ არა, რომელ მომწამლავ ნივთიერებებს იყენებდა შსს აქციებზე ვითომ წესრიგის დასაცავად. 10 დღეში მათგან პასუხი მივიღე, რომ ამ ნივთიერების გამოყენება ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდებოდა და ამაში პრობლემა არ იყო. იგივე ევროპასა და ცივილურ სამყაროში, ასეთი აირების გამოყენების დროს ყველა სამედიცინო დაწესებულება ინფორმირებულია, რომელი საშუალება არის გამოყენებული. ასეთი გაუგებარი პასუხი მივიღე. და რა ხდება ახლა - BBC-მ ნამდვილად გადაიღო რეალური ფილმი იმაზე, რა ხდებოდა საქართველოში ამ დღეებში", - თქვა სურგულაძემ.
მისი თქმით, საქმის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია
"ლელო-ძლიერი საქართველოს მიგვაჩნია, რომ ამ საქმის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია (OPCW) რომელიც ზუსტად ამ საკითხებითაა დაკავებული და ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მივმართავთ, რომ ამ საკითხის გარკვევაში რაც შეიძლება სწრაფად დაგვეხმარონ. ასევე, უკვე დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათმა მთავრობებმა ამ ორგანიზაციას მიმართონ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად დაიძრას და ნამდვილი გამოძიება ჩატარდეს". - თქვა ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა, ვატო სურგულაძემ.