ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქსა და მის გარემოცვას ერთი კვირიანი ვადა აქვთ, რათა თავიანთი უფლებამოსილება მოიხსნან. ამის შესახებ "მუსულმანთა საძმოს" ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ესამ ელ-ერიანმა განაცხადა.
"კომპრომისი არ იქნება. ახლა მუბარაქის გარემოცვა საკუთარ საქმეებს აგვარებს, რადგან იგი რეჟიმის სიმბოლოს განასახიერებს. მას დროს ესაჭიროება. ჩვენ ამ შანსს ერთი კვირის მანძილზე მივცემთ,"_განაცხადა ელ-ერიანმა.
იგი ირწმუნება, რომ, თუ მუბარაქი გადადგება, "მუსლიმანთა საძმო" ერთპიროვნული ხელისუფლების ხელში ჩაგდებას არ შეუდგება.
ელ-ერიანის თქმით, მათი ორგანიზაცია შეეცდება, ფართო საპარლამენტო კოალიციის ნაწილად იქცეს. "ჩვენ მშვიდობიანი ორგანიზაცია ვართ, რომელიც კანონებისა და კონსტიტუციის მიხედვით მოქმედებს,"_აღნიშნა ელ-ერიანმა.
ამასთან, ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა უარყო თანამდებობიდან მუბარაქის ნებაყოფლობითი წასვლის შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალს მხოლოდ დიალოგის გზით ამჯობინებს. მისი თქმით, ყველა სხვა მეთოდი სახელმწიფო გადატრიალებად შეიძლება შეფასდეს.
შეგახსენებთ, უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ქაირო მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა, რომლის ცენტრიც ტახრირის მოედანი იყო. აქ არა მხოლოდ მუბარაქის მოწინააღმდეგეები, არამედ მისი მომხრებიც იკრიბებოდნენ.