სახალხო მღელვარების დროს ეგვიპტის ციხეებიდან რამდენიმე ათასი რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის წევრი გაიქცა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა განაცხადა.
მისი თქმით, გაქცეულებს შორის არიან დამნაშავეები, რომლებიც ტერორისტულ ქსელს "ალ-ქაიდასა" და სხვა ორგანიზაციებს უკავშირდებოდნენ. ისინი მიზნის მისაღწევად ძალადობასაც მიმართავდნენ. მათ შორის, შიიტური რადიკალური დაჯგუფების "ჰესბოლას" ერთ-ერთი ლიდერი_სამი ჩეხაბიც არის, რომელიც ეგვიპტეში ტერაქტის გამო გაასამართლეს.
უფრო ადრე ერაყში მოქმედმა "ალ-ქაიდამ" ეგვიპტის მუსლიმანებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ პროტესტი "ჯიხადის" დასაწყებად გამოეყენებინათ. ამით ისინი ქვეყანაში შარიათის კანონების დამყარებას აპირებდნენ.
შეგახსენებთ, უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ქაირო მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა, რომლის ცენტრიც ტახრირის მოედანი იყო. აქ არა მხოლოდ მუბარაქის მოწინააღმდეგეები, არამედ მისი მომხრებიც იკრიბებოდნენ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის უფლებამოსილება ეგვიპტეში ექვსი წელიწადის მანძილზე გრძელდება. ჰოსნი მუბარაქი რიგით მეხუთე ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად. წელს მისი მმართველობის უკანასკნელი წელი სრულდებოდა.