საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურ წერილს მოამზადებს. დოკუმენტი ვანკუვერის თამაშის ორგანიზატორებსა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს გაეგზავნება, სადაც ქართული მხარე ახსნა-განმარტებას მოითხოვს იმასთან დაკავშირებით, შეესაბამება თუ არა კანადური მედიასაშუალებებით გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია სინამდვილეს.
"თუ დადასტურდება, რომ კანადელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული მასალა, საციგაო ტრასის გაუმართაობის შესახებ, მართალია, მაშინ შესაძლოა საქმეზე გამოძიება თავიდან დაიწყოს. რაც შეეხება ქართული მხარის პოზიციას, ის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული", - აცხადებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. კანადური საინფორმაციო საშუალებების მტკიცებით, მათ ხელში ვანკუვერის თამაშების ორგანიზატორების წერილები ჩაუვარდათ, რომლითაც დასტურდება, რომ ისინი საციგაო ტრასის გაუმართაობის შესახებ საქმის კურსში ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ 11 თვით ადრე იყვნენ.