რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, 2011 წლის შემოდგომიდან ზამთრის დროზე რუსეთის გადასვლა გააუქმოს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი განკარგულება მედვედევმა რუსეთის მთავრობას უკვე გადაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მივიღე გადაწყვეტილება მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის დროზე გადასვლის გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამის განკარგულებას მთავრობას ვაძლევ", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ "ადაპტირების აუცილებლობა დაკავშირებულია სტრესთან და დაავადებებთან" და დასძინა, რომ ამგვარი გადასვლის გაუქმება "სასარგებლო იქნება".