ტოკიოში მდებარე რუსეთის საელჩოში უცნობმა პირებმა კონვერტი გააგზავნეს, რომელშიც იდო ტყვია და წერილი სადაც ეწერა: "ჩრდილოეთის ტერიტორიები - ეს ჩვენი მიწაა". ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტოკიოში რუსეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა აღნიშნული კონვერტის შესახებ ტოკიოს პოლიციას უკვე აცნობეს.
"გამომგზავნის ვინაობა კონვერტზე მითითებული არ არის. თავად კონვერტი ტოკიოსთან ახლოს მდებარე კანაგავას პრეფექტურის საფოსტო ყუთში ჩააგდეს", _ იუწყება ადგილობრივი მედია.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტს კურილიის კუნძულებზე ტოკიოში გამართულ მიტინგზე "უპატიებელი შეურაცხყოფა" უწოდა.
ამას გარდა, ნაოტო კანი მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და კუნძულის იაპონიისათვის გადაცემა მოითხოვა. აღნიშნული მიტინგი ტოკიოში რუსეთის საელჩოს მიდამოებში გაიმართა. მიტინგის მონაწილე დემონსტრანტებმა შეურაცხყვეს რუსეთის დროშა - მას ლოზუნგები დააწერეს, რუსეთის საელჩოს შორიახლოს ასფალტზე ათრიეს და შემდეგ დახიეს.
ტოკიოში მდებარე რუსეთის საელჩომ, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დროშის შეურაცხყოფის გამო საპროტესტო ნოტა გააგზავნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი იაპონიის პრემიერ-მინისტრის განცხადებები "არადიპლომატიური" უწოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კურილიის კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიას იაპონია აცხადებს 2010 წლის ნოემბერში მოინახულა. ამან იაპონიის გაღიზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, აღნიშნული კუნძულები მიმდინარე წლის 4 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმაც მოინახულა.