ლატვიის სამოქალაქო და მიგრაციის საქმეთა სამმართველომ მოსკოვის ყოფილ მერს იური ლუჟკოვს ბალტიისპირეთში ცხოვრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი გაუგზავნა.
ლატვიის შსს მინისტრმა ლინდა მურნიეცმა 17 იანვარს მოსკოვის ყოფილი მერის _ იური ლუჟკოვის "შავ სიაში" შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში ლუჟკოვის შეყვანა ნიშნავს, რომ იგი ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს. მურნიეცის თქმით, ლუჟკოვმა ლატვიაში შესვლის უფლება არ დაიმსახურა, რადგან იგი ამ ქვეყნის მისამართით უარყოფით განცხადებებს აკეთებდა.
"იური ლუჟკოვის მიერ წარდგენილი დოკუმენტები განვიხილეთ, რის საფუძველზედაც მას ოფიციალურად ვუპასუხეთ. მისი შინაარსის კომენტირების უფლება კი არ გვაქვს", _ განაცხადა ლატვიის მხარემ.
შეგახსენებთ, ლატვიის ტელეარხმა 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ყოფილი მერი თავშესაფარს ითხოვდა. ქალაქის ყოფილ მერს სრული უფლება ჰყონდა, ლატვიაში თავშესაფარი მოეთხოვა, რადგან მან ამ ქვეყანაში 400 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.