ხვალ, 8 თებერვალს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გრძელვადიან პაემნებზე ისაუბრებს. მინისტრი სხდომაზე "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით წარადგენს.
მსჯავრდებულებისთვის გრძელვადიანი პაემნების აღდგენა გაზაფხულიდან იგეგმება.
კანონპროექტის თანახმად, ხანგრძლივი პაემნით ვერ ისარგებლებენ დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, გარდა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრებისა. ამ შეღავათით ვერც ის მსჯავრდებულები ისარგებლებენ, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.
რაც შეეხება ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, მათ ერთი წლის განმავლობაში ორი ხანგრძლივი პაემანი ექნებათ, წახალისების ფორმით კი დამატებით კიდევ ერთი. არასრულწლოვან პატიმრებს წელიწადში სამჯერ ექნებათ გრძელვადინი პაემნის საშუალება, წახალისების შემთხვევში - ოთხჯერ.
გრძელვადიანი პაემნების შესაძლებლობა მიეცემათ იმ პატიმრებსაც, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული. გრძელვადიანი პაემანი 24 საათს გაგრძელდება და 60 ლარი ეღირება. გრძელვადიანი პაემნით სარეგბლობის უფლება პატიმრის მეუღლეს, შვილს, დედას, მამას, დას ან ძმას ექნებათ.