სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ-ბაშირმა აღიარა ქვეყნის სამხრეთ ნაწილის თვითგამორკვევისადმი მიძღვნილი რეფერენდუმის შედეგები, რომელიც 9-15 იანვარს ჩატარდა. ეს განცხადება სუდანის ნაციონალური ტელევიზიის ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მინისტრმა ბაკრი ჰასან სალეხმა გააკეთა.
შედეგების მიხედვით, სამხრეთ ნაწილის გამოყოფას ხმა 98,83 % მისცა და მხოლოდ 1,17% დაუჭირა მხარი ქვეყნის ერთიანობას.
რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კომისიამ სახელმწიფოს მეთაურს ხმის მიცემის ბოლო დაზუსტებული შედეგები დასამტკიცებლად მიაწოდა.
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ პატივს ვცემთ და ვიღებთ სამხრეთის ხალხის არჩევანს და რეფერენდუმის შედეგებს", _ ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელის მინისტრმა წაიკითხა.
"დღეს მივიღეთ ეს შედეგები. ვიღებთ და მხარს ვუჭერთ მას, ვინაიდან ისინი სამხრეთის მცხოვრებთა ნებას გამოხატავენ", _ განაცხადა თავად ალ-ბაშირმა ამ საკითხთან დაკავშირებით ტელევიზიით გამოსვლისას.
რეფერენდუმის შედეგების გამოცხადება, ხართუმში, მეგობრობის დარბაზში, საზეიმო ვითარებაში გაიმართება. ამ ცერემონიას დაესწრება სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, სამხრეთ სუდანის მთავრობის მეთაური სალვა კიირი, ასევე მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ერთიანი 2011 წლის 9 ივლისამდე იქნება. ამის შემდეგ კი სახელმწიფო ატრიბუტიკა, ჰიმნი და პასპორტები შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ 2005 წელს 20-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ სუდანის სამთავრობო ძალებმა, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთს წარმოადგენენ, ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას სამხრეთის აჯანყებულებთან. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ნავთობით მდიდარი სამხრეთ სუდანის თვითგამორკვევის საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვეტილიყო.