23 ნოემბერს მოსკოვში პოლიციელების მიერ მოკლული აფხაზეთიდან დევნილი ედუარდ ღურწკაია საქართველოში დღეს, 7.15 საათზე გადმოასვენეს. თვითმფრინავს გარდაცვლილის ნათესავებიც ჩამოჰყვნენ, მათ შორის, მოკლულის ბიძაშვილი დათო ჯომიდავა, რომელიც პოლიციელებმა ედუარდ ღურწკაიასთან ერთად სცემეს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს აეროპორტში გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად თავად კობა სუბელიანიც დახვდა. სამინისტროს დახმარებითვე, მიცვალებული ყველა წესების დაცვით, წყნეთში, მშობლების სახლში გადაასვენეს.
მინისტრმა აეროპორტში ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა მისთვის პირველი არ არის: "მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტმენტს და კონსულის მოვალეობის შემსრულებელს მოსკოვში ქალბატონ ნანა ჩაბრავას, რომ პრობლემას გულით მოეკიდა და ის უაზრო ბიუროკრატია, რომელიც რუსეთში არსებობს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოაგვარა. სამწუხაროდ, ეს ჩემს პრაქტიკაში მერვე შემთხვევაა, როცა გადმოსვენების ორგანიზება მიწევს. იმედია, მსოფლიო ქვეყნები მეტ ყურადღებას გამოიჩენენ, რომ მსგავსი სამწუხარო შემთხვევები არ მოხდეს. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რა დღეში არიან რუსეთში მცხოვრები ქართველები."
ედუარდ ღურწკაიას დაკრძალვის თარიღს ოჯახი დღეს გადაწყვეტს. მას თბილისში, წყნეთში დაასაფლავებენ. როგორც ქრისტიანული წესით დაკრძალვის, ისე, სხვა საჭირო ხარჯებს მთლიანად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაფარავს.