ქალთა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წევრები პროკურატურას მიმართავენ მოთხოვნით გათავისუფლდეს პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი. მიმართვის ორგანიზატორები მიზეზად ნინო დათაშვილის ჯანმრთლეობის გაუარესებულ მდგომარეობას ასახელებენ.
„ქალთა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წევრები მოვითხოვთ პატიმარ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობიდან სასწრაფო გათავისუფლებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ქალთა მოძრაობის წევრები მივიჩნევთ, რომ ნინო დათაშვილის პატიმრობაში ყოფნა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება, რის გამოც მოვითხოვთ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით და ნინო დათაშვილის მიმართ გამოყენებულ იქნას გირაო.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ნინო დათაშვილისადმი უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიუთითებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ უსამართლობაზე, არამედ აღრმავებს სისტემურ უთანასწორობას ქალთა მიმართ, რომლებიც ხშირად ხდებიან პოლიტიკური და სოციალური დევნის მსხვერპლი. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ქალთა უფლებების დაცვა, მათ შორის სამართლიანი მართლმსაჯულების, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვის უფლება.
იმ შემთხვევაში, თუ ნინო დათაშვილს არ შეეცვლება აღმკვეთი ღონისძიების ფორმა და სასწრაფოდ არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, ჩვენ მივმართავთ ქალთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - ნათქვამია პროკურატურისადმი მიმართვაში.
ქალთა საპროტესტო მოძრაობამ საგამოძიებო უწყებას დღეს მიმართა. განცხადებას 314 ხელმომწერი ჰყავს.
ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.
აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დათაშვილს დღეს სასამართლო პროცესი აქვს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას ვერ დაესწრება.