რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "პოლიციის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა თავად გააკეთა. "კანონი ხელმოწერილია და ძალაში 1 მარტიდან შევა", _ განაცხადა მედვედევმა შს სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების საკითხებისადმი მიძღვნილ თათბირზე.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის დუმამ აღნიშნული კანონი 28 იანვარს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო.
"პოლიციის" შესახებ მიღებული კანონის მიხედვით, დუმამ პოლიციელებს ფაქტობრივად, უფლება მიანიჭა მომავალ პოლიციელებს სცემონ ქალებს, იმათი გამოკლებით, ვისაც "ორსულობის შესამჩნევი ნიშნები აქვთ".
"კანონპროექტის განხილვისას სახელმწიფო დუმამ უფლება მისცა მომავალ პოლიციელებს, სცემონ ქალებს, იმათი გამოკლებით, ვისაც "ორსულობის შესამჩნევი ნიშნები აქვთ. წარმოდგენილმა შესწორებამ კანონპროექტში "პოლიციის შესახებ", რომელიც შეიცავდა აკრძალვას სუსტი სქესის მიმართ ძალის გამოყენების შესახებ, სახალხო რჩეულთა უმრავლესობას შორის მხარდაჭერა ვერ პოვა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ სხდომის თავმჯდომარემ დუმის პირველმა ვიცე-სპიკერმა ოლეგ მოროზოვმა აღნიშნა, რომ - "შესწორება გენდერული თანასწორობის პრინციპების გამო არ მიიღება".
აღსანიშნავია ასევე, რომ დღეს რუსეთის შს სამინისტროში აღიარეს, რომ მათ მილიციის სრული გარდაქმნისათვის პოლიციად ფული არ ჰყოფნით. რუსული მედიის ინფორმაციით, ყოველივე ეს ნათელი ხდება ღონისძიებათა ნუსხიდან, რომელიც "პოლიციის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის მომზადებისადმია მიძღვნილი. აღნიშნულ გეგმაზე რუსეთის შს მინისტრს რაშიდ ნურგალიევს აქვს ხელი მოწერილი.