ვარკეთილში 2010 წლის 29 დეკემბერს მომხდარი მკვლელობა გახნილია. დაკავებულია გარდაცვლილი ზურაბ ბუთხუზის ოთხი მეგობარი. გარდაცვლილის გვამი მის საკუთარ ბინაში იპოვეს.
მომხდარის მთავარ მოტივად საყოფაცხოვრებო ტექნიკას ასახელებენ, რის გამოც ბრალდებულებს შელაპარაკება მოუვიდათ მეგობართან. გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ ბუთხუზს სახლში ჰქონდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა_მაცივარი, მობილური ტელეფონი და ტელევიზორი. მისმა მეგობრებმა კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვა მოსთხოვეს, რათა სასმელი ეყიდათ, რაზეც უარი მიიღეს. სწორედ ამას მოჰყვა შელაპარაკება და ბოლოს მკვლელობა. დაკავებული მეგობრებიდან ერთის_ გრიგოლ ლომიძის მიმართ არის წაყენებული ბრალდება მკვლელობის მუხლით.
ასევე, დაკავებულნი არიან არჩილ ზაზაშვილი, ზურაბ ქვრივიშვილი და შანავა. აღიარებითი ჩვენება შსს-ს თანამშრომლებმა უკვე გაავრცელეს.
სამართალდამცავებმა მომხდარიდან ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს ზურაბ ბუთხუზის გვამი. მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან, ხოლო დანარჩენებს დანაშაულის დაფარვის გამო 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ელით.