რუსეთის შს სამინისტროში აღიარეს, რომ მილიციის სრული გარდაქმნისათვის პოლიციად ფული არ ჰყოფნით. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს ნათელი ხდება ღონისძიებათა ნუსხიდან, რომელიც "პოლიციის შესახებ" კანონის ძალაში შესვლის მომზადებისადმია მიძღვნილი. აღნიშნულ გეგმაზე რუსეთის შს მინისტრს რაშიდ ნურგალიევს აქვს ხელი მოწერილი.
"ერ-ბე-კას" ინფორმაციით, რუსეთის შს სამინისტროში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი სახსრების მოძიების შესახებ ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროში "სათხოვნელად წასვლის" შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მოუწევს შემოსავლის მიღების თავისი მეთოდის გამოყენება - ჯარიმების ამოქმედება.
ნურგალიევის გეგმის მიხედვით, ყველა პოლიციელის ატესტაცია ორი თვის ვადაში უნდა ჩაეტიოს. ამავე ვადაში უნდა მოხდეს ყველა ატესტაციაგავლილი პოლიციელებისათვის თანამდებობების დაკომპლექტება, გარდა ხელმძღვანელებისა რომლებსაც პრეზიდენტი ნიშნავს.
ახალი სამკერდე ნიშნები პოლიციელებს დეკემბრამდე ექნებათ. ამავე ვადამდე უნდა იყოს შეცვლილი ყველა ფერადოვანი წარწერა პოლიციის ავტომობილებზე. თანხების მოძიება კი ყველა თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობების შესაცვლელად კი ნურგალიევის განკარგულებით 2011 წლის პირველ კვარტალში უნდა მოხდეს.
რაც შეეხება პოლიციელებისათვის ახალი ფორმის მიცემის ვადებს ამაზე ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მინიმუმ 2012 წლამდე ძველ ფორმაში იქნებიან გამოწყობილნი.
რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ ადრე ჩინოვნიკები უარყოფდნენ პრესის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში პოლიციის შექმნისათვის საკმარისი თანხები არ არის.