რუსეთის ოპოზიცია ახალ პარტიად ერთიანდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვში "სახალხო თავისუფლების პარტიის" (პარნას) კონფერენცია ჩატარდა რომელზეც პარტიის პირველი რეგიონალური განყოფილება დაფუძნდა.
ღონისძიების ფარგლებში სახალხო განყოფილების თავმჯდომარეები აირჩიეს - ილია იაშინი ("სოლიდარობა"), იგორ ხარიჩევი (რესპუბლიკური პარტია), სერგეი გრიგოროვი ("დემოკრატიული არჩევანი") და გენადი პუშკო (რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირი).
16 აპრილს "პარნასი" ჩაატარებს სრულიად რუსეთის მომცველ აქციას, რომლის ლოზუნგიც იქნება - "განუკითხაობის წინააღმდეგ, კორუფციის წინააღმდეგ, თავისუფალი არჩევნებისთვის", სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის იუსტიციის სამინისტროში პარტიის რეგისტრაცია იქნება.
აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მიიღეს მონაწილეობა "სახალხო თავისუფლების პარტიის" თანათავმჯდომარეებმა - ბორის ნემცოვმა ("სოლიდარობა"), მიხეილ კასიანოვმა (რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირი), ვლადიმერ რიჟოვმა (რესპუბლიკური პარტია) და ვლადიმერ მილოვმა ("დემოკრატიული არჩევანი"). ის, რომ "პარნასი" მოქმედი ხელისუფლების ერთადერთი რეალური ალტერნატივაა - ოპოზიციის წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ.
ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი თავის სიტყვით გამოსვლაში ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და განაცხადა: ადამიანები ეგვიპტეში ქუჩაში გამოვიდნენ იმიტომ, რომ მათ საშინლად მობეზრდათ მუბარაქი. მათ ასე, პუტინთან შედარებით კი მუბარაქი - პატიოსანი ადამიანია. თუკი თქვენ შეხედავთ ეგვიპტეში არსებული კორუფციის მონაცემებს, აღმოაჩენთ, რომ ეგვიპტე 98-ე ადგილზე იმყოფება ჩვენ კი 154-ზე", _ განაცხადა ნემცოვმა.